ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვერ შევიდა, რის შემდეგაც უკრაინას მხარდაჭერა დერეფანში გამოუცხადა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მიწვევით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, ოპოზიციის განცხადებით, სხდომათა დარბაზის კარები ჩაკეტეს და დეპუტატები შიგნით ვერ შედიან.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის კანონდარღვევა. მათი თქმით, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა.

ოპოზიციის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უკრაინის მხარდასაჭერად დროშების გაშლას, უკრაინის ჰიმნის გაჟღერებას და ტაშის დაკვრას აპირებდნენ, თუმცა, მათი თქმით, ჰიმნის ჩასართავად საჭირო ტექნიკა პარლამენტში ვერ შეიტანეს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია სხდომათა დარბაზში ვერ შევიდა და ვერც ტექნიკა შეიტანა, დეპუტატები დერეფანში შეიკრიბნენ და ტელეფონებში ჩართეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი.

„გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას და საქართველოს“, – განაცხადეს მათ.