ოპოზიცია, როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასე ადრე თუ გვიან შემოვლენ - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ოპოზიცია, როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასე პუფებივით დალაგდება და ადრე თუ გვიან შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

27 ოქტომბერს კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი კოალიციის საარჩევნო სიის წევრები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„უკვე ისეთ ტყუილებს ამბობენ, ეს დეზინფორმაციაც შეიძლება ავსახოთ, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური… ძალიანაც კარგად იქნება ლეგიტიმური, პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას. „ქართულ ოცნებას“ ამ მონაცემით, თუ არ ვცდები, 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, ცნობს მის უფლებამოსილებას, გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა. ოპოზიცია, როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასე პუფებივით დალაგდება და ადრე თუ გვიან შემოვლენ პარლამენტში.

ასე რომ, ეს კინო ხომ ნანახი აქვს ქართველ ხალხს. ერთადერთი რაც მათმა ქმედებებმა ახლა შეიძლება მოიტანოს, არის კვლავ მღელვარება, კვლავ ძალადობა მათი მხრიდან, რაც მაშინაც ვნახეთ, ბევრჯერ განმეორებით ვნახეთ“, – ამბობს პაპუაშვილი.