„სამწუხაროდ, ოპოზიცია საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ და მით უმეტეს ამ მოთხოვნას არ აქვს“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ვადამდელ არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა ბრიფინგზე.
„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. უკვე სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. უკვე 2 წელია, არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, როდესაც უკვე ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ შიგადაშიგ, სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე. ყოველ ჯერზე, სამწუხაროდ, ოპოზიცია საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ და მით უმეტეს ამ მოთხოვნას არ აქვს“, – თქვა მან.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოთხოვნებით ოპოზიცია მარგინალიზებული ხდება.
„საზოგადოება ხედავს მათ სახეს. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დაინახავს მათ სახეს. ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან, საეტაპო მომენტში იყვნენ რადიკალიზაციის შემცირების გზაზე, აღვივებენ პოლარიზაციას“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე გააცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.