პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგება. მისი პარლამენტში მისვლა ოპოზიციამ მოითხოვა. გახარია პარლამენტში გუშინაც იყო მისული. საკანონმდებლო ორგანოს მან კორონავირუსთან ბრძოლისა და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ანგარიში წარუდგინა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ოპოზიციის კრიტიკას „პირველ არხთან“ პასუხობს და ამბობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური ქულების დასაწერად „ცდილობდნენ, მეტი ინფიცირებული ყოფილიყო ქვეყანაში.”
„ნუ ახლა ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, თან განსაკუთრებით ასეთი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის ჩამოიქცევა სახელმწიფო და რაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვლება, მათთვის მით უფრო უკეთესია.
თავიდანვე ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მეტი ინფიცირებული ყოფილიყო საქართველოში. იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამით ქულებს დაიწერდნენ, პოლიტიკური კრიზისი მოხდებოდა და ა.შ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვათა შორის, მაგათი მხრიდან. სისტემატურად, გლობალური კრიზისის დროს ასე იქცევიან ხოლმე.
ყველაფერი გაკეთდა ისე, ნორმალურ სახელმწიფოში როგორც უნდა ემუშავა სახელმწიფო სტრუქტურას, ისე იმუშავა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.