ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უწყვეტ პროტესტს აგრძელებს

პუბლიკა

ოპოზიციამ, რომელმაც გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 24-საათიანი პროტესტი დაიწყო, აღნიშნავს, რომ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტს აგრძელებს.

„ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ პროტესტს, უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, გაიზრდება ბრძოლის მუხტი, მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისის მოცული იყო პროტესტით, არა მხოლოდ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მომდევნო 24 საათი კვლავ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეებს პერიოდულად აცნობებენ.

„ვრჩებით აქ, შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე. ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა. იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი მისაღები გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენ იგივე მოქალაქეები ვართ, როგორც თქვენ და თქვენ მიერ ნდობას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით.

ამიტომ ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად. ასევე, ჩვენ მოგვიწევს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც პერიოდულად აუცილებლად გაცნობებთ.”, – თქვა მან.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.