„ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა - ცალკე“ | რა ითქვა შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წევრებს შორის.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ოპოზიციას შესთავაზეს დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის მხრიდან, სამი –  ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ  ამ შეთავაზებას ოპოზიცია ჯერჯერობით არ იზიარებს.

„როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში განხორციელდება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება. მისი თქმით, მიუღებელი იყო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული წინადადება.

„ოპოზიცია წავა ცალკე დელეგაციით. იყო შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები, ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით. თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად. ჩვენ წავალთ ერთად, უახლოეს პერიოდში  ალბათ გაირკვევა.  პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.