„როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურდა, გამოხმაურებოდა საერთაშორისო დანაშაულს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.
„საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპაში, რეალურად ბოლო 1 წელია, მუდმივად ისმოდა ბრალდებები ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან ამ მოპარული ფულით. ეს არამხოლოდ სამარცხვინო, შემაშფოთებელი ფაქტია, ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან…
ჩვენ ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა არის კატასტროფული და კიდევ უფრო შემაშფოთებელია რადგან ეს პიროვნება, რომელმაც მანამდე ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში ადგებდა, ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ყოველდღე უნდა მოუხადოს ბოდიში როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპულ საზოგადოებას.
„მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში, როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი Copy to a new draft და მისი ბიზნესპარტნიორები.
ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს.
BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.