ოპოზიციამ ხვალ, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან მორიგი შეკრება დააანონსა.
„ხვალ ჩანიშნულია აქ სხდომა, ჩვენ აუცილებლად უფრო დიდი პროტესტით უნდა გამოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ, ვანახოთ, რომ ის სასამართლო, რომელიც ამ სასამართლო კედლებშია, ის არ არის საქართველოს სასამართლო, ის არის რუსული, საბჭოთა დაჭაობებული სასამართლო.
ამიტომ ჩვენ პირდაპირ უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება, ჩვენ ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს, შენს ხალხთან ერთად, რომელიც ერთი რამით დაინტერესებული, რომ შეინარჩუნოს, ძალაუფლება, შეინარჩუნოს კორუფცია და ჩვენ თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე. ასე არ იქნება.
ბრძოლა იწყება ახლა, ყველა შემოგვიერთდით, გამარჯვება არის ჩვენს ხელში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა საიას სარჩელები ერთ საქმედ გააერთიანეს. ქუთაისის სასამართლო საქმეს დღეს, 16:00-ზე განიხილავს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო ხვალ, 6 ნოემბერს.
„ხმის ფარულობის უფლებაზე საიას შეტანილი აქვს სააპელაციო საჩივრები ყველა შესაბამისი ოლქის წინააღმდეგ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.
დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება დღეს, 16:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება 6 ნოემბერს, 14:00 საათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ილონა თოდუა (მომხსენებელი), დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა“, – აღნიშნავს საია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ISFED-ის და „ჩემი ხმის“ სარჩელების განხილვა გადაიდო.