ოპოზიციამ კვირას, 7 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.

მან მომდევნო კვირას, 7 ნოემბერს, თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა.

განახლება: „დროას“ დამფუძნებელი და ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

„გვჭირდება მცირე დრო, რომ მასშტაბური აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, დავგეგმოთ. აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა აქციისგან, ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, მეტ დეტალებში არ შევიდე“, — თქვა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მელია ამბობს, რომ აქციის საათს მოგვიანებით შეატყობინებს საზოგადოებას.

ნიკა მელიას თქმით, აქციის დღემდე ისინი ჩავლენ რეგიონებში — ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.

„თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში, საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავიანთი  ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით, დიახაც, ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ? არა ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად ქართული ოცნება“, — მიმართა მელიამ აქციაზე შეკრებილებს.