ოპოზიციამ მელია ოფისში თუ მოინახულა, ერთი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, არ ნიშნავს, რომ მისი ერთგულები არიან - თალაკვაძე

პუბლიკა

დღეს თუ ოპოზიცია გარკვეული განცხადებებით გამოდის და ნიკა მელია ოფისში მოინახულეს, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მისი ერთგულია და მის გარშემო არის შემოკრებილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერი არა მელია, არამედ მიხეილ სააკაშვილია.

„თუ ვინმეს აქვს მონური დამოკიდებულება საკუთარ უფროსთან, ეს სწორედ ნიკა მელია გახლავთ და ამ შემთხვევაში, ის აკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი კარნახობს, ვინაიდან, ჩვენ სამი კვირის წინ, როდესაც განახლებული გუნდი წარუდგინა საზოგადოებას, მელიას ჰქონდა გეგმები, ის აპირებდა პარტიულ საქმიანობას და უცებ აღმოჩნდა, რომ სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანები – აი, თუ მონობა არსებობს, ზუსტად ეს არის მონობის მაგალითი. მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ, ზუსტად სააკაშვილი, ნიკა მელია და ეს რადიკალური ოპოზიცია იყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ და პირდაპირ შეტევა დააორგანიზეს ადამიანის ღირსებაზე, უმძიმესი შეურაცხყოფები მოვისმინეთ, მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილის ან თუნდაც იაგო ხვიჩიას მისამარით და რას ითხოვდნენ ხომ არ გახსენდებათ? ითხოვდნენ მონურ დამოკიდებულებას ოპოზიციის შიგნით, მითუმეტეს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, თურმე უფლება არ აქვს ერთი ან მეორე პარტიის ლიდერს, რომ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხებთან. ეს არის მონური დამოკიდებულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ისინი ითხოვდნენ თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მონობას,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, რომლის უმრავლესობამ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა, თუკი მელიას დაკავების შემთხვევაში ქვეყანაში მოვლენები მშვიდობიან ფარგლებს გასცდება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც კანონს არღვევს.

„პასუხისმგებლობა არის იმაზე, ვინც არღვევს კანონს. პარლამენტმა მიიღო საკუთარი რეგლამენტისა და კანონის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება, ჰქონდა ამის უფლება, ჰქონდა მტკიცებულებები, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და პარლამენტმა ეს გადაწყვიტა. შესაბამისად, ახლა ჯერი და საბოლოო სიტყვა არის სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ყველა ასეთ შემთხვევაში აღსრულდება ზედმიწევნით, ვინაიდან მომავლის საქართველო არ არის ის საქართველო, სადაც შეიძლება იერიში მიიტანო პარლამენტზე, ცესკოზე, ან განაცხადო, რომ შენ ხარ კანონგარეშე, კანონზე მაღლა დგახარ და დანარჩენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს, მაგრამ შენ არ დაემორჩილები. ის, რასაც ამ წუთებშიც აკეთებს მელიას გუნდი, არის პროვოკაცია სახელმწიფოზე, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.