„ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას 19:00-ზე შეკრებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ამ დროს შემდგომ ნაბიჯებზე გაკეთება განცხადება.
„ყველანი ვართ აქ დღის მანძილზე, მეტი და მეტი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად ორგანიზებულები […] ლიდერები ვართ აქ. მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღის მანძილზე შემოგვიერთდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საღამოს 19:00-ზე ბევრნი ვიყოთ აქ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ჩვენ გუშინ დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არაა ერთდღიანი, ორსაათიანი, სამსაათიანი. ჩვენ, ლიდერები და ლიდერებში ვგულისხმობ იმ ხალხს, ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა და თქვენგან მონიჭებული მანდატი, სულ ვიდგებით აქ, ყველაფერი იქნება ორგანიზებული, ფეხს არ მოვიცვლით აქედან, უბრალოდ მოვუწოდებთ საზოგადოებას, 19:00-ზე მოვაწყოთ დიდი შეკრება, რომ გეგმები გაგაცნოთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის კვეთაზე 17 ნოემბერს, საღამოს 8 საათისთვის დაიწყეს. მათ გაშალეს კარვები და ქუჩაში ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება და კონკრეტული სამოქმედო გეგმები ნაბიჯ-ნაბიჯ გახდება ცნობილი.