საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში სოსო გოგაშვილის ინფორმაციაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირეს.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იდეას მხარს უჭერს 51 დეპუტატი. მისი თქმით, კომისიამ სუს-ის სისტემის ხარვეზი უნდა გამოავლინოს და ქვეყანაში ამ ინსტიტუტის საბჭოთა მეთოდით მუშაობა უნდა დასრულდეს.
„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, დეპუტატებმა კომისიას მხარი კენჭისყრაზეც დაუჭირონ.
„ეს საკითხი უნდა დადგეს კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეპუტატი, რომელმაც ხელი მოაწერა კომისიის შექმნის ინიციატივას, სხდომაზე მოვიდეს და მხარი დაუჭიროს მის შექმნას.
ჩვენ რაც მოვისმინეთ, იკვეთება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში ხელყოფა მაღალი თანამდებობის პირების მიერ. კომისიამ უნდა შეისწავლოს ყველაფერი, რაც საჯაროდ მოვისმინეთ და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონდარღვევას. კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პასუხისგებაში მიეცეს ესა თუ ის პირი, მაგრამ შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაული“, – განუცხადა სამადაშვილმა „TV პირველს“.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის საკითხი, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე გავა.
ქართული და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ სოსო გოგაშვილის განცხადებების შემდეგ „ლელომ“ წარმოადგინა ინიციატივა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, სიმართლეს ამბობს თუ არა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.