ოპოზიციამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე მემორანდუმი გააფორმა

პუბლიკა

უზენაეს სასამართლოსთან ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც, მათი განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და რეფორმების გარანტია გახდება. მემორანდუმი 5 პუნქტს მოიცავს.

  1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;

  2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;

  3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება;

  4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;

  5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

ხელმოწერის დროს ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს.

„დღეს არის ისტორიული დღე, იმიტომ, რომ პირველად საქართველოში მოხდა, რომ ამხელა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება მართლმსაჯულების რეფორმაზე. მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც სამ მნიშვნელოვან გარანტიას მოგვცემს ქვეყანაში: 1. თითოეული საქართველოს მოქალაქე იქნება დაცული ამ ქვეყანაში; 2. პოლიტიკური ანგარიშსწორებები და დევნა დამთავრდება; 3. ინვესტორებს, ქართულ ბიზნესს ექნება გარანტია, რომ მათ შექმნან სამუშაო ადგილი, ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში და მათ ვერავინ შეეხება”, – განაცხადა მემორნადუმის ხელმოწერისას „ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

იაგო ხვიჩიასთვის ეს შეთანხმება იმის გარანტიაა, რომ „ამ ქვეყანაში დაიშლება საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა”. „მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ ამ შეთანხმების შესრულების შემთხვევში ვერასდროს ვერ მოვა ვერც ერთი ჩვენგანი ერთპიროვნულად, რომელსაც შეეძლება დანარჩენი ჩვენგანის ან უდანაშაულო ადამიანს დაჭერა ლაპარაკის გამო ან ნებისმიერი რამის გამო. შედგა კონსენსუსი და როცა გვეკითხებიან ოპოზიციას, ასე როგორ უნდა გააგრძელოთ, აი, ასე უნდა გავაგრძელოთ, ამნაირი შეთანხმებების გზით”, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

მემორანდუმის ხელმოწერა ოპოზიციური ერთობის – საერთო ღირებულებებისა და ამოცანების მაჩვენებელი აღმოჩნდა ასევე „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობისთვისაც”.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ნანატრი დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო ექნება ქვეყანას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და პრობლემების მოგვარება”, – აცხადებს „ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე.

მემორანდუმს ხელს აწერენ:

  1. ,,გირჩი”
  2. ,,პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”
  3. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  4. ,,ევროპული საქართველო”
  5. ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
  6. ,,სამოქალაქო მოძრაობა”
  7. ,,რესპუბლიკური პარტია”
  8. ,,გამარჯვებული საქართველო”
  9. ,,კანონი და სამართალი”
  10. ,,ახალი საქართველოსთვის”
  11. ,,ემსახურე საქართველოს”
  12. ,,საქართველო ლიდერთა შორის”
  13. ,,საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება”
  14. “ედპ”
  15. ,,ევროპელი დემოკრატები”
  16. ,,სამოქალაქო ალიანსი”