ოპოზიციამ თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვები გაშალა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს. ადგილე მიიტანეს პლედები და „პარალონები“.

პროტესტს უერთდებიან პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მანამდე აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართა.

„ჩვენი თანამებრძოლები არიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, არ აძლევენ მათ უფლებას თავისუფალი პროტესტის გამოთქმისა და ჩვენ ყველანი ერთად, სოლიდარობის ნიშნად, მხარში ამოვუდგებით ჩვენ თანამებრძოლებს რომლებიც დგანან ახლა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ერთად, ორგანიზებულად მივდივართ ჩვენი მეგობრების მხარში ამოსადგომად“, – მიმართა რატი ამაღლობელმა პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს.

თსუ-სთან მიდიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც, მათ შორის ალეკო ელისაშვილი და სალომე სამადაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრებიც. დიმიტრი ცქიტიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ პროტესტი სხვადასხვა სახეს იღებს და პარტია პროტესტის მონაწილე იქნება, მანამ, სანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს „დემოკრატიული განვითარების ნორმალურ გზას“.

„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს, ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს, ჩვენ ვართ არაძალადობრივი მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა, ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველზე მყოფ ხალხს, ვაცნობებთ მათ, რომ აქ ვჩერდებით თსუ-სთან დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები, არჩევნები რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, – თქვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე, ვარაზისხევზე მოძრაობა შეზღუდულია.