ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზეც - კალაძე

პუბლიკა

ქართული ოცნების გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა.

მისივე განცხადებით, დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ ამ ეტაპზე, არ უნდა გახმოვანებულიყო, ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ დათანხმდებიან ხმების გადათვლას. ამიტომ კალაძის თქმით, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ის ადასტურებს რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე,- ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე.

 „ჩვენ შევთავაზეთ, გადავითვალეთ ის უბნები, რაზეც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს, სადაც ISFED-საც ჰქონდა მინიშნებები. მოხდა რამდენიმე უბნის გადათვლა. ძალიან მარტივია – ისინი ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე? აქ ვართ ყველანი, მივიდეთ, გავხსნათ ეს კონკრეტული უბნები, დავთვალოთ მათთან ერთად და ცხადია, მარტივად ყველაფერი გამოჩნდება. ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი წამოვლენ რაღაც მოლაპარაკებაზე და მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას”. – თქვა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქართული ოცნება არ განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს.