ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თორჯოლაში ჟურნალისტებთან ისაუბრა დღეს ქვეყანაში მიმდინარე ერთკანდიდატიანი შუალდეური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ.
მისი თქმით, ოპოზოციურმა პარტიებმა მმართველ პარტიას ვერ გაუბედეს არჩევნებზე კონკურენტი კანდიდატები დაეყენებინათ. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დღევანდელ არჩევნებზე იმაზე მეტი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მივა, ვიდრე ეს IRI-ის კვლევაში იყო.
„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რა პროცენტიც ამ ორგანიზაციამ რომელიღაც კაბინეტში დაგვიწერა, იმიტომ, რომ რეალურად რაღაც გაყალბებული დოკუმენტი იყო, იმ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მივა დღეს ქვეყნის მასშტაბით იმ ოლქებში, რომლებშიც არჩევნები მიმდინარეობს.
ხაზგასმით ვამბობ, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-იმ დაგვიწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში – „ქართულ ოცნებას“ ვერ გაუბედეს, რომ კონკურენტები დაეყენებინათ. ამიტომ, ის პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, რაიმენაირად გვერდზე უნდა გადაწიონ და ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვთ საქმე,”- თქვა მან.
დღეს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამომრჩევლები ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნებში მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატები მონაწილეობენ.