ოპოზიციას ამ გეგმის ომახიანად გაკრიტიკებაც კი გაუჭირდა - კობახიძე

პუბლიკა

„თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციას ამ გეგმის ომახიანად გაკრიტიკებაც კი გაუჭირდა“, – ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ეს გეგმა არათუ საფუძველს, საბაბსაც კი არ ტოვებს ომახიანი კრიტიკისთვის“.

ის ამბობს, რომ გეგმა არის ძალიან კომპლექსური და შედგება როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ნაწილისგან.

„პაკეტი თავისი მოცულობით, მთლიანობაში, ძალიან დიდია, და რაციონალურადაა გადანაწილებული თითოეულ კომპონენტზე, ხოლო ეს კომპონენტები ემსახურება იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი გარკვეულ დონეზე შენარჩუნდეს, ყოველ შემთხვევაში მინიმალური ზიანი მივიღოთ“, – ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, მთავრობამ განსაკუთრებით კარგად იმუშავა საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღებად და ოპონენტებს თუ სურთ, შეადარონ სხვა ქვეყნების დახმარებებს და „ნახავენ, რომ ჩვენი დახმარება უპრეცედენტოა“.

_________________________

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.

გეგმას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

„დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე“, – ასე აფასებს მას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ „რაც დღეს მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ, თუ არა ე.წ. „ქართული ოცნების“ ოცნებებს.