„ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მან მადლობა გადაუხადა სენატს და ჯორჯ კენტს გამოთქმული მოსაზრებებისთვის და თქვა, რომ ამ განხილვამ ცხადყო, რომ საქართველო შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ღარიბაშვილის შეფასებით, სენატორების გამოსვლების შემდეგ სპეკულაციებს წერტილი დაესვა და ოპოზიციისგან ნებისმიერ თემაზე აბსურდული ბრალდებები დასრულდა.

მან მზადყოფნა გამოხატა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებისთვის და სენატორის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისა და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა და  დასრულდა ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამება, სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციისგან.

ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახროციელოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა, ყველა ის, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული აშშ-ის სენატის მხრიდან, სახდეპის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ მასზე ორგანიზებული თავდასხმა და შეტევა განახორციელა.

„ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე – თუ გააგრძელებენ დესტრუქციულ პოლიტიკას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია აქციას 2 თვის შემდეგ აანონსებს, რადგან მას საკუთარი მხარდამჭერებიც ვეღარ გამოჰყავს ქუჩაში.

„დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას 2 თვის მერე… ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს მიუთითებს, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, კატასტროფულ, მძიმე მდგომარეობაში არიან, ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილს ფრთას და მათ რადიკალურ ქმედებებს“, – განაცხადა პრემიერმა.