ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სენატში გუშინდელი განცხადებების შემდეგ ოპოზიციას მოუწევს თავისი პოზიციების გადახედვა, ვინაიდან, მისი თქმით, სენატში ოპონენტებს მიანიშნეს, რომ პარლამენტში მათი სკამები ცარიელი არ უნდა იყოს და რომ ოპოზიცია პარლამენტს გარეთ რუსულ საქმეს ემსახურება.
სარჯველაძის შეფასებით, სენატში ითქვა, რომ საქართვლოს 2012 წლიდან არ გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და ისინი ასევე ეყრდნობიან საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.
„ერთმნიშვნელოვნად დგინდება ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან უკვე არსებული საერთაშორისო პარტნიორების და ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს რაიმე შესაძლებლობას, რომ კიდევ იყოს მტკიცება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ყოველგვარი საფუძველი ეკარგება ამაზე საუბარს და ეს ერთ- ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლის საფუძველზე ალბათ, ოპოზიციას მოუწევს, გადახედოს საკუთარ გეგმებს, გადახედოს თუნდაც მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით.
მოვისმინეთ მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ უნდა შეივსოს პარლამენტში ადგილები და შეუვსებელი ადგილები ოპოზიციის მხრიდან არის ის, რაც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს სახელმწიფოში. ეს ავალდებულებს ოპოზიციას, რომ მოვიდეს მოლაპარაკებაზე არა იმ განწყობით, რომ მოლაპარაკებებში მხოლოდ მონაწილეობა არის მათი მხრიდან დასაშვები კომპრომისი. ასევე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ კარგად ფლობენ ინფორმაციას, ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ის პატიმრობა, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ.
ძალზედ მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნიკანორ მელიამ, დაარღვია კანონი და რაც მნიშვნელოვანია, ითქვა, რომ სამართლის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. იყო მოწოდება, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს, სამართლის უზენაესობას. ესეც ალბათ, მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს უნდა იძლეოდეს. საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ ეს გზავნილები, ერთმნიშვნელოვნად რაც იკვეთება, ეს არის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში, ამის შემდეგ მოუწევს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოლაპარაკების პროცესში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძემ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით მონდომებულია, შეასრულოს გადამწყვეტი როლი კრიზისის დაძლევაში.
მისი თქმით, გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შეუთანხმებლობამ, შესაძლოა, პროცესის ესკალაცია გამოიწვიოს და მოიტანოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის, ფინანსური დახმარების შეჩერება, წინაპირობა არ აქვს და გადაჭარბებულია.