ოპოზიციური ჯგუფების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას შესთავაზეს, რომ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების დამოკიდებულებების, რიტორიკისა და მიდგომების მონიტორინგი გაკეთდეს.
„ეს ნიშნავს არა ცენზურას, როგორც ეს შეიძლება ვინმემ თარგმნოს, არამედ სტანდარტს და დამოკიდებულებას, ამომრჩევლისადმი დამოკიდებულებას, აგრესიის კამპანიის შემცირებას. ეს ყველაფერი გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება ხოლმე, საჯარო გახდება, რაც მისცემს ყველას საშუალებას, დაფიქრდეს მის თითოეულ გამონათქვამზე. ეს არის კარგი საქმიანი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ აგრესიულ რიტორიკასა და კამპანიაზე უარი თქვას.
„მზად ვართ, ეს რიტორიკა შეიცვალოს და ერთმანეთთან კომუნიკაციას ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მონიტორინგს დაექვემდებარება და ეს ნიშნავს არა ვინმეს სანქცირებას, არამედ ყველაფერის გასაჯაროებას ვის რა რიტორიკა აქვს, ევროპელი კოლეგები დაინახავენ, ვინ რას აკეთებს. ორშაბათს შედგება სასამართლო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც არის შემქნილი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. შალვა პაპუაშვილთან ერთად შევიკრიბებით. აგრესიული რიტორიკა სულ მცირე ექვსი თვე გვერდით უნდა გადაიდოს, უნდა ვეცადოთ და შედეგს გამოიღებს თუ არა, ვნახოთ. შედეგიანი იქნება, თუ კონსტრუქციულები ვიქნებით. მონიტორინგი აჩვენებს, ვინ რა გზას ირჩევს. ეს ლუსტრაციას მოახდენს, ვის რა დღის წესრიგი აქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა” არ ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ პრესპექტივას.