ოპოზიციასა და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციამდე პარლამენტს არ დავტოვებ - ბაქრაძე

პუბლიკა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი, დავით ბაქრაძე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

ბაქრაძის განცხადებით, მიშელის შეთანხმება ქვეყანაში კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა იყო, ხელისუფლების დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კი ქვეყანა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენა. ასევე დააზიანა საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან.

ბაქრაძის განცხადებით, ამ სიტუაციაში მისი პირველი რეაქციაა, რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ვითარების სიმწვავის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჭიროა მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა და გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიციასა და დასავლელ პარტნიორებთან საუბარი. შესაბამისად, ჯერჯერობით პარლამენტს არ ტოვებს.

„შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობითა და გონიერებით. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება.

მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს.

ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა. აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და პროდასავლური ოპოზიცია. ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე“, – წერს დავით ბაქრაძე.


დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.