ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი კომპრომისზე წავიდნენ და ხელისუფლებას შესთავაზეს გერმანული მოდელი და მის დათმობას არ აპირებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს. ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი. ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მას იმედი აქვს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნდება.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ, რა წინადადება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას“-თქვა თალაკვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.