ოპოზიციასა და პომპეოს თანაშემწეს შორის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მაიკ პომპეოს თანაშემწეს შორის შეხვედრა, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, უკვე დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძე, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, ენმ-დან გრიგოლ ვაშაძე, „გირჩიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „ლელოდან“ ბადრი ჯაფარიძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, „ლეიბორისტებიდან“ შალვა ნათელაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა მედიასთან განაცხადეს, რომ საუბრის დეტალებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პომპეოს მოადგილეს გააცნეს თავიანთი პოზიციები და მოლაპარაკების შემდეგ რაუნდში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს.

„რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება, რეალურად, დღეს ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზადყოფნა გამოვხატეთ მესამე რაუნდში მონაწილეობისთვის, ოღონდ, ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მათ გააცნო მოსაზრება, როგორ აპირებს აშშ საქართველოს კრიზისის განმუხტვაში დახმარებას.

„შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ რა პოზიცია აქვს ოპოზიციას; ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კარგი საუბარი, გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად; ჩვენ მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები როგორ აპირებს ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შთანხმების მიღწევა, იმ შეთანხმების, როემლიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტნიორებმა მოისმინეს „ფაქტები დარღვევებზე, გაყალბებებზე, ფაქტები, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს ოქმების გადაწერა და მოსაზრებები რა უნდა იყოს შესაბამისი გამოსავალი ამ კრიზისიდან“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი იყო.

„შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით… ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დარღვევებს ეთანხმება როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ყველა პარტნიორი.

„ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, როემლიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია, რომ დაგვერწმუნებინა, დარღვევებს ეთანხმება როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი, ამიტომ დარღვევებსა და ამ დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით, პოზიციები არის ძალიან ახლოს.

რაც შეეხება იმას, ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარვევებისგან, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები;

ამ თემაზე კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ, და საბოლოო ჯამში ეს არის ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა.

ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი შეფასებით იმ ხარისხის დარღვევებმა რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე, ამიტომ გამოსავალი არის ერთი, ნებისმიერ დემოკრატიაში, როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდოობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ნებსიმეირ დემოკრატიაში არის ერთი გამოსავალი, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც. მისი თქმით, პომპეოს მოადგილეს გააცნო მისი პარტიის პოზიცია, რომ აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მისი ხედვით, ვითარების განმუხტვის სხვა ვარიანტი არ არსებობს.

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკებების III რაუნდის მოლოდინშია, ელოდებიან „ქართული ოცნების“ კონკრეტულ შეთავაზებას.

„ჩვენ-ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით ძალიან კონკრეტული დეტალები. ვუთხარით დეტალები იმის, თუ როგორ არ მუსაობს ჩვენთან ინსტიტუციები. მაგალითად, როგორ ყურად არ იღეს საჩივლები საოლქო კომისიაში, როგორ ყურად არ იღეს სასამართლოში, როგორი ნაუცბათევი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო ცესკომ და ა.შ. ჩვენ-ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ, ჩვენი არგუმენტები ვუთხარი. ერთადერთი მათი მხრიდან რაც იყო, არის წუხილი – მათ უნდათ, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდეს.მათ უნდათ, რომ დემოკრატია ფუნქციონირებდეს. არჩევნებისადმი რწმენა იყოს და ა.შ.“, – განაცხადა ელისაშვილმა.


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქს, ილია II-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკაშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საინფორმაციო, მდუმარე აქცია გამართეს პლაკატებით ხელში, წარწერებით, არჩევნები გაყალბებულია.

პომპეოს ვიზიტის ფარლგლებში დაგეგმილი არ ყოფილა ოპოზიციასთან შეხვედრა; მისი თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფილიპ რიკერი, პომპეოს თანაშემწე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებოდა.