ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე ევროკავშირსა და NATO-ში ვერასდროს მოხვდებით - პავილიონისი

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, სსაქართველოს ევროატლანტიკური მომავალი დამოკიდებულია იმაზე, გამონახავენ თუ არა საერთოს ხელისუფლება და ოპოზიცია. პავილიონისის თქმით, საქართველოს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათგან დახმარების მისაღებად თავადაც უნდა სცეს პატივი დემოკრატიულ ღირებულებებს. ამის შესახებ პავილიონისმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ, ლიეტუვაში გვიყვარს თქვენი ქვეყანა. თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშისა და NATO-ში. მაგრამ ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ თქვენც მზად უნდა იყოთ ამისთვის.

მე თავად ვმონაწილეობდი ჩემი საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრებლად გამართულ მოლაპარაკებებში და ვიცი,  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი. თუმცა, ის ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში დემოკრატიის რეცესია მიდის. დემოკრატიას თავს ესხმიან ყველგან, ვაშინგტონშიც კი. შესაბამისად, დემოკრატია ხდება ჩვენი (ევროკავშირის) საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი.

მე ვასრულებ ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სხვა დასავლელი პარტნიორებიც მიაქცევენ ყურადღებას საქართველოში არსებულ დემოკრატიულ პროცესებს. რადგან დემოკრატიის გარეშე, განსხვავებული აზრის პატივისცემის გარეშე, ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე, მათი ხმის მოსმენისა და უფლებების პატივისცემის გარეშე თქვენ ვერ მოხვდებით ევროკავშირსა და NATO-ში.

მე ვიმედოვნებ, რომ ჩემს შემდეგ აქ ჩამოვლენ სხვები ლიეტუვიდან, შემოუერთდებიან ამ კოალიციას საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. მე ვმედოვნებ იმასაც, რომ ხელისუფლება ამას კეთილგანწყობით შეხვდება. რადგან რამდენდაც ვხვდები, ყველა პოლიტიკური ძალა მზადაა დიალოგისთვის.

ვიმედოვნებ, დაპირისპირების ნაცვლად, ერთობლივად ვიმუშავებთ ტრანატლანტიკური მიზნებისკენ სწრაფვაში. ეს არის ერთადერთი გზა. თქვენ ვერასდროს გახდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი ერთპარტიული დემოკრატიით, რადგან ეს დემოკრატია არ არის“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს ლიეტუვის სეიმის წევრისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადაიდო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, აქციის გადადების მიზეზი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმის გატარებას. დეკანოიძის თქმით, ამ საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებას ისევ შეხვდეს.