ოპოზიციის ალიანსის შეფასებით, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება წარმოადგენს რეჟიმის მხრიდან შურისძიებას ივანიშვილის მიმართ ჟურნალისტის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო. ოპოზიციის ალიანსი მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას, ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“,- ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, კვირას, გამთენისას 4 საათზე, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.