ოპოზიციის ალიანსმა „ეროვნული მობილიზაციის კამპანია“ დაიწყო.
„ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ — ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია“, – განაცხადა ბრიფინგზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ოპოზიციის ალიანსის განცხადების მიხედვით, ამ კამპანიის მიზანია, გაიზარდოს პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან; განეიტრალდეს „ოცნების“ პროპაგანდა; საზოგადოებაში არსებული ცვლილების სურვილი უნდა გადაიქცეს რეალურ პოლიტიკურ ქმედებად; უნდა დამარცხდეს „ოცნების“ მიერ მიზანმიმართულად დანერგილი შიში; გაიზარდოს პროტესტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა.
„პირველი – უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს — ყველგან, სადაც ისინი არიან.
მეორე – უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში.
მესამე – ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად.
მეოთხე – უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა.
და ბოლოს – უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით – ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
კამპანია 2 თვე გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს, თბილისში აქციით დასრულდება.
„ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.
ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები“, – აცხადებს ოპოზიციის ალიანსი.
ოპოზიციონერებმა მადლობა გადაუხადეს პატიმრებს და მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული.
„გვინდა მადლობა ვუთხრათ ბრძოლისთვის ყველას, ვინც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში; ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა; ვინც დღეს დგას თავისუფლების დაკარგვის რისკის წინაშე; ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ; ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს. ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში. ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში.
ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.
ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას. არავის ვპირდებით სასწაულებს.
მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად: თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი.
ამიტომ, ყველას გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო 2 თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში“, – აცხადებს ოპოზიციის ალიანსი.