„ჩვენ ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჩაწერილი ძალიან კონკრეტული ინიციატივები მოვიდეს მოქმედებაში. მათ შორის, დღეს საზოგადოებას გვინდა, მოვუყვეთ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, პასუხისმგებლობის, რომელსაც ჩვენ მივმართავთ მომავალი ერთი თვის განმავლობაში“,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსი“ აცხადებს, დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ აღნიშნული ოთხი ინიციატივის შესახებ ისაუბრა:
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება. ეს არის აბსოლუტურად ახალი საერთაშორისო რეალობა და ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ალიანსს აქვს პასუხისმგებლობები ამ რეალობაში. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ის არალეგიტიმურთან ერთად არის ბრალდებული რეჟიმი, ამიტომ ჩვენ გვაქვს და ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჩაწერილი ძალიან კონკრეტული ინიციატივები მოვიდეს მოქმედებაში.
მათ შორის, დღეს საზოგადოებას გვინდა, მოვუყვეთ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, პასუხისმგებლობის, რომელსაც ჩვენ მივმართავთ მომავალი ერთი თვის განმავლობაში.
პირველი – ეს არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და განვაგრძობთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც. იმისათვის, რომ მან იმოქმედოს თავისი მანდატის ფარგლებში, გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექციის უფლებამოსილება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მომავალი ერთი თვის განმავლობაში იმისათვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.
მეორე – ეს არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში არსებული კონკრეტული მითითება, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, დაიწყოს გამოძიება, საკუთარი წესდების შესაბამისად, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა ვერ ექნებათ.
მესამე – ეს არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. თქვენ იცით, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები გამოიძიონ ეროვნულ დონეზე. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან, რათა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის – საფრანგეთში.
მეოთხე – ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელსაც საზოგადოება იცნობს ჰააგის ტრიბუნალის სახელით. მას მერე, რაც ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც მოხდეს ზუსტად ასე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია, ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე. აქ არის საჭირო ძალიან კონკრეტული პროცედურები. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ მიმართონ ჰააგის სასამართლოს შესაბამისი წარდგინებით – პროკურორის ოფისმა დაიწყოს გამოძიება ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მომავალი ერთი თვის განმავლობაში განვახორციელებთ“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში. ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.
ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება.
ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა.
ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.
2 მარტს 9 პროდასავლურმა პარტიამ ოპოზიციის ალიანსს – ერთობა ერთად გამარჯვებისთვის! დააფუძნა.
პარტიები აცხადებენ, რომ თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.
ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდნენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.