ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება - ენმ

პუბლიკა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თბილისში დაანონსებული მასშტაბური აქცია 6 ნოემბერს გაიმართება.

ნიკა მელიამ დღეს აქციაზე განაცხადა, რომ კვირა დღეს მასშტაბური აქცია ჩატარდება. თავის გამოსვლაში მელიას არც ერთხელ არ დაუზუსტებია აქციის ჩატარების თარიღი.

„გვჭირდება მცირე დრო, რომ მასშტაბური აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, დავგეგმოთ. აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა აქციისგან, ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, მეტ დეტალებში არ შევიდე“, — თქვა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მელია ამბობს, რომ აქციის საათს მოგვიანებით შეატყობინებს საზოგადოებას.

ნიკა მელიას თქმით, აქციის დღემდე ისინი ჩავლენ რეგიონებში — ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ჩატარდებოდა თუ არა აქცია კვირას, 7 ნოემბერს, „პუბლიკამ“ აქციაზე მყოფ ვიცე-მერობის ორ კანდიდატთან გადაამოწმა და მათ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

თუმცა, მოგვიანებით, ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აქცია 7-ში არ გაიმართებოდა.

„არ იქნება 7-ში. 6-ში იგეგმებოდა. მგონი, შაბათი და კვირა აგვერია. არასწორი იქნებოდა 7-ში ჩატარება“, – წერილობით უპასუხა მან „პუბლიკის“ შეკითხვას.