ოპოზიციის აქტივისტების მიერ ბიულეტენების გატანა იწვევდა მერე დისბალანსს უბნებზე - თალაკვაძე

პუბლიკა

არჩევნების, სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაცია [ოპოზიციის] ამ რადიკალურმა ნაწილმა დაიწყო დიდი ხნით ადრე და ეს პროცესი, რაც დღეს ცესკოშიც ვიხილეთ, არის მათი გეგმის ნაწილი, – ამის შესახებ „პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

„გახსოვთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა შტაბმა გამართა ბრიფინგები და ჩამოთვალეს კონკრეტულად ის მეთოდები, რითაც ამ ტიპის რადიკალური ძალები ეცდებოდა არჩევნების შედეგების დისკტრედიტაციას.

ეს იყო ბიულეტენების გატანა, მათი აქტივისტების მხრიდან, რაც იწვევდა მერე დისბალანსს უბნებზე, ხელმოწერების არ გაკეთება შეთანხმებულად, რაც შემდეგ აპელაციის შესაძლებობას აძლევდათ, რომ თითქოს იყო გაყალბება, ეს იყო ბევრი სხვა მოქმედება, რომელიც ჩვენ წინასწარ შევატყობინეთ საზოგადობას”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე – „დისბალანსი უბნებზე გვაქვს იმიტომ, რომ ოპოზიციამ გაიტანა [ბიულეტენები], სწორად გავიგე თქვენი პასუხი?

თალაკვაძე პასუხობს: „ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ… სავარაუდოდ, ერთი-ერთი მთავარი მიზეზი ეს გახლავთ.

თუმცა, ჯამში მინდა გითხრათ, რომ უბნები სადაც დისბალანსი იყო, მნიშვნელოვნად არ აღემატება იმ რაოდენობას, რაც წინა არჩევნებზე იყო. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი”.