ბათუმის საკრებულოში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდეგ ჩანიშნული პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, მას ოპოზიცია არ დაესწრო.
სხდომაზე „ოცნების“ ახალარჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა იყო დაგეგმილი.
ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბრს გაიმართა, სადაც საკრებულოს უფლებამოსილება ცნეს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
3 დეკემბრის შემდეგ საკრებულოს სხდომებს „ქართული ოცნება“ უცხადებდა ბოიკოტს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2 აპრილის არჩევნების შედეგად საკრებულოში „ოცნებამ“ ერთი მანდატი მოიპოვა, სხდომა კვლავ ჩაინიშნა. სხდომის ჩატარების კვორუმი კი საკრებულოს წევრთა უმრავლესობით განისაზღვრება. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევადაც იგივე კვორუმია გათვალისწინებული.
ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. სხდომის გახსნას 18 დეპუტატი სჭირდება.
ახალარჩეული ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციას, ერთი დეპუტატი, გახარიას გუნდის ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც აცხადებს, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ თავდგირიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს.
12 აპრილის ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2 აპრილის არჩევნებზე „ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ „სისხლიანი მანდატი მოიპოვა“ და მის აღიარებას არ აპირებენ.
„არ გვაქვს უფლება, დავესწროთ რიჟვაძის და ჩიქოვანის სანახაობას“, – განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა რეზო ხარაზმა.
„ოცნება“ ოპოზიციას შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებს. თენგიზ აფხაზავას თქმით, საკრებულოს სხდომა კვლავ ჩაინიშნება.
საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო 3 ივნისამდე შეკრებას ვერ შეძლებს, მაშინ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.