ოპოზიციის დასარწმუნებლად მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება, ის ნებისმიერი ფორმით ეცდება დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებას, შევიდნენ პარლამენტში.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ხერხს გამოიყენებს დანარჩენი ოპოზიციის დასარწმუნებლად, ხვიჩია პასუხობს:

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დადოს და რა ფორმაც იქნება საჭირო, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ“.

მისი თქმით, აქვთ კითხვები, რისთვისაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრას გააგრძელებენ.

„ჯერ კითხვები გვაქვს, მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დასთანხმება. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვისზე რა გაჭრის“, –  განაცხადა ხვიჩიამ.


8 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის საკითხს 0-დან 3%-მდე ფარგლებში განიხილავს, რაც მემორანდუმით აღებული ვალდებულებაცაა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” მათ შორის მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემასაც.