პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა და კვლავ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს”.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების მითითებით, აპირებს, რომ ბიულეტებენზე დაფიქსირდეს მინაწერები, რომ თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულა არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ასეთი მოწოდებები ჰქონდათ აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს თავისი აქტივისტების მიმართ.
მისივე განცხადებით, „მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს”.
დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.