ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს 27 და 28 იანვარს განიხილავს, პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად კი საკითხი 2 თებერვალს გავა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „ბოლო წუთამდე“ არ მიიღოს გადაწყვეტილება.

„ამასთან [ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან] დაკავშირებით ვცდილობთ, მაქსიმალურად ბოლო წუთამდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება… აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს, ამ ვადის შესაბამისად – 27 და 28 იანვარს. შემდეგ წარედგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად;

აქედან გამომდინარე, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი  კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი 27 იანვარს განიხილება, რადგან მათ განცხადებები კოლეგებზე ერთი დღით ადრე შეიტანეს.

ყველა დანარჩენი დეპუტატის საკითხი კი, მისი თქმით, 28 იანვარს განიხილება.


საქართველოს პარლამენტმა ვადაზე ადრე უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულ 3 დეპუტატს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს.

საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილი ადგილმონაცვლეობით დაიკავეს ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო,ასევე, სიით არჩეულმა მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ. მათ პარტია დატოვეს და „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ წევრს – იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტში ისე არ შევლენ, თუ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი, 113 დეპუტატი არ იქნება.

ასევე, მოთხოვნა არ გაუგზავნიათ „მოქალაქეების“ ლიდერებს – ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს.

ისინი აცხადებენ, რომ თუ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის რეფორმასა და პოლიტპატიმრების საკითხზე კომპრომისს მიაღწევენ და შეთანხმებას გააფორმებენ, პარლამენტში შევლენ.