ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობისთვის? | რას ამბობენ პარტიებში

პუბლიკა

ოპოზიციაში თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია განიხილება.

„გულწრფელად გეტყვით, ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ახლა, იყოს ერთიანი კანდიდატი. თუმცა, კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს.

ეს კვირა არის საბოლოო კვირა, ბოლო დღეები, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან – ყველა ძირითადი პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიები.

რამდენიმე ძირითადი შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პარასკევს საბოლოოდ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე“, – ამბობს ხატია დეკანოიძე „TV პირველთან“.

საერთო კანდიდატის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას მიესალმება „ევროპული საქართველო“. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი კანდიდატების გარშემო გაერთიანება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია.

„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს“, – ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან ერთად, შესაძლოა მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატად დასახელდეს. „ევროპულ საქართველოს“ კი ვიცე-მერის კვოტა შეხვდეს.

„ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, – აცხადებს ბოკერია.

მოძრაობა „დროაში“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს ადასტურებენ. როგორც „დროაში“ აცხადებენ ელენე ხოშტარია სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებში მონაწილეობს, მაგრამ საერთო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დაპირისპირებას ეწინააღმდეგებიან „სტრატეგია აღმაშენებელში“. პარტიის წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არის კალაძის საპირწონედ, მიუხედავად პიროვნული სიმპატიებისა და პოზიტიური დამოკიდებულებისა, ეს ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა.

ამ კონსულტაციებში არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციები ალტერნატიული კანდიდატების შესახებ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი საკუთარი კანდიდატი გვყავდეს“, – ამბობს ჩიხლაძე.

ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით მსგავს პოზიციაზეა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩიაც. მისი თქმით, ოპოზიცია იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუკი კალაძეზე უკეთესი ადამიანის ნაცვლად „უკეთეს იდეას წამოაყენებს“.

„ვიდრე ეს ტაქტიკა მუშაობს და ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია „პირველ არხთან“.

პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე არ გვეუბნება, მხარს დაუჭერენ თუ არა ნიკა მელიას კანდიდატურას, თუმცა მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მჭიდრო კოორდინაცია საჭიროა არჩევნებში გამარჯვებისთვის.

„ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის ის კონფიგურაცია, თუ როგორ წარდგება ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებზე.

ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კონსულტაციებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ 43%-ს ქვემოთ დატოვება.

ამ მიზნით ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან და ველოდებით ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, – საბა ბუაძე.

კონკრეტული პირების მხარდაჭერაზე არ საუბრობს არც პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, მთავარია დაინახონ, რომ ოპოზიციაში შეჯერებულ პოზიციას გამარჯვების ფორმულა მოაქვს.

„მხარს დავუჭერ იმ ფორმულას, რომელსაც დავინახავ, რომ აქვს გამარჯვების მოტანის შანსი.

ჩემთვის მთავარი არ არის კონკრეტული სახელები და გვარები, უნდა დავინახოთ, მათ შორის, გამოკითხვების შედეგებით, რომ ფორმულა, რომელსაც გვთავაზობენ არის რეალურად გამარჯვების მომტანი“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ კი აცხადებენ, რომ მათ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციის მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნებში თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ.

„როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. დეტალებს, ვინ და როგორ იქნება, ამას საზოგადოება მალე გაიგებს“, – აცხადებს პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი.

„პუბლიკა“ სხვა პოლიტიკოსებსა და პარტიებსაც დაუკავშირდა და პასუხის შემდეგ თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით მათ პოზიციასაც ეტაპობრივად გაგაცნობთ.