ოპოზიციის ღიად დისკრედიტაციას 37 Facebook-გვერდი ეწევა, „ოცნებისას“ – 32 გვერდი – ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში აღწერილია ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალური გვერდების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები.

ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.  მონიტორინგი ძირითადად, მოიცავს „ფეისბუქს“, თუმცა აღნიშნულია „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ მონიტორინგის შედეგად გარკვეული მიგნებები.

საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნები“  „ფეისბუქის“ 700-მდე გვერდს აკვირდებოდა. მათ შორის, ამ ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც, ქცევიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესებსა და ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედების მიზნით ანონიმურად აქტიურობდნენ.

კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა:

  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტებელი 37 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტებელი 32 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
  • ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი;

დაკვირვების ქვეშ იყო, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდი. აღნიშნულ ყველა კატეგორიის გვერდებზე, ჯამში, „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოქვეყნებული 14 290 პოსტი გააანალიზეს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 309 „ფეისბუქ“-გვერდს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 117 გვერდს და პოლიტიკური ლიდერების 26 გვერდს. მონიტორინგი ასევე მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 127 ოფიციალურ გვერდს „ფეისბუკზე“.

ანგარიშის მიხედბით, ინტენსიურად გრძელდება არაოფიციალურ, ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზაფხულის თვეებში ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში კვლავ მძლავრი იყო ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატება მათ მიერ წარმოებულ მწყობრ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართულია პოლიტიკური მოვლენის, პარტიის, პოლიტიკოსის, მედიასაშუალების, სამოქალაქო აქტივისტისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას.

„დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის/ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. დისკრედიტაციის ნაკადები მიემართება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) და ზოგადად ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას, – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ღიად დისკრედიტაციულ, ცრუ მედიისა და ცრუ მხარდაჭერის გვერდებზე, ჯამში, 3 411 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო „ქართული ოცნების“/ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, იმავე პერიოდში, 5 593 პოსტი განთავსდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 69 გვერდი მოქმედებდა. მათგან 37 ოპოზიციის (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“) ორგანიზებულ დისკრედიტაციას ეწეოდა. 32 გვერდი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მიმართავდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი პოსტები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც იყო მიმართული (გარდა „ძალა ერთობაშიაში“ შემავალი პარტიებისა).

„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული ანონიმური მადისკრედიტებელი გვერდების მთავარი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილია: „პოსტების მთავარი გზავნილია, სააკაშვილი და მისი პარტია წარმოჩნდეს, როგორც ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ძალადობა და შურისძიება გარდაუვალი რეალობა იქნება. პოსტების დიდი ნაწილი მიმართულია ამ პარტიისა და მისი ლიდერის აბუჩად აგდებისა და გამასხარავებისკენ, ძირითადად, მისი საქართველოში დაბრუნების დაპირებებთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ამ გვერდების სამიზნე პარტია „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერებიც არიან. მათ წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა მიზნად ისახავს „ევროპული საქართველოსა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად წარმოჩენას.”

ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება. ამ ტიპის გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტომონტაჟები გამოიყენება.

„ხშირია, აგრეთვე ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო მასალების გავრცელება და მათზე დაყრდნობით ხელისუფლების კრიტიკა. ამ ტიპის გვერდებზე ხშირად ზიარდება
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების სტატუსები. ხშირია პოსტები გლობალურ პოლიტიკაზე, სადაც, ძირითადად, პუტინის და კრემლის პოლიტიკის მიუღებლობაა გამოხატული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მედიამონიტორინგის მიხედვით, ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა, ასევე, ბაკურ სვანიძის მიერ მართული „ფეისბუქ“-გვერდების ქსელი, რომელიც ღიად გამოხატავს „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერას „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ბაკურ სვანიძის გვერდებზე საანგარიშო პერიოდში 1,210 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთა უმრავლესობა მიმართულია ოპოზიციური პარტიების და სატელევიზიო მედიასაშუალებების დისკრედიტაციისკენ, ხოლო პოსტების მცირე ნაწილი ასევე ეთმობა „ქართული ოცნების“ კრიტიკასაც.

„ზოგიერთ შემთხვევაში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილები „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ქალი პოლიტიკოსების და რიგ შემთხვევებში მედიის წარმომადგენელთა დაკნინების მცდელობა უკავშირდება მხოლოდ გენდერს. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ცალკეული ანონიმური დისკრედიტაციული გვერდები მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჰომოფობიურ გზავნილებს აქვეყნებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდისთვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულია 10 ცრუ მედიაგვერდი, რომლებიც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურ გზავნილებს ავრცელებენ. კერძოდ, 10 ცრუ მედიაგვერდი. ამ გვერდებს სულ 25 477 გამომწერი ჰყავს. 1 ივნისიდან  31 აგვისტოს ჩათვლით, შესწავლილ გვერდებზე სულ 1 108 პოსტი გამოქვეყნდა.

„ნეგატიური პოსტები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს მიემართება. პარალელურად, დადებითი განწყობა გამოიხატება „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და „ტვ იმედის“ მიმართ. გვერდებზე ყველაზე ხშირად წყაროდ imedinews.ge-ს იყენებენ. ცრუ მედია გვერდები პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და „ფეისბუქის“ რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ, “- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ღიად დისკრედიტაციული „ფეისბუქ“-ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა დისკრედიტაციის სამიზნეები სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხდებიან. მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. სულ ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც ჯამში 391 491 წევრი ჰყავთ. პარტია „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369 172 წევრით. „სტრატეგია აღმაშენებელს“ 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20 334-ის ტოლია.

სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის სრული ვერსია;