ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა | თალაკვაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან დღის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება. „ოცნებამ“ სამართლიანი შეთავაზებები გააკეთა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებისთვის კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

„ამ შეთანხმების მთავარი გზაა რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის და ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დღეს დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის და დემოკრატიზაციის გაძლიერების ამოცანები. დიალოგი გაგრძელდება. ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებზეც პოზიციების დაახლოება მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრს ექნება მნიშვნელოვანი და საქმიანი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან კონკრეტულ ხედვებს და გეგმას წარადგენს. დღეს ამ შეხვედრების შემდეგ ევროკავშირს აქვს მეტი ინფორმაცია და ცოდნა თუ რეალურად რა იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული პრობლემების მოსაგვარებლად და ძალიან მალე ამას საზოგადოებაც გაიგებს. თითოეულ თქვენგანს გექნება შესაძლებლობა შეაფასოთ რამდენად კონსტრუქციული და სამართლიანი იყო ხელისუფლება ამ მოლაპარაკებების პროცესში.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელს მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, დილიდან მართავს.

პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.

დღის ბოლოს მხარეების მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა უნდა გამართულიყო. არაერთი განცხადება გაკეთდა შესაძლო შეხვედრის შესახებ, თუმცა მედიატორებთან გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დღეს შეხვედრა არ გაიმართება და დიალოგი ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.