ოპოზიციის ნაწილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სინირლიოღლუს ცალკე შეხვდა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია.

პოლიტიკოსებმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

„ეუთო, პირველ რიგში, არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და ოკუპაცია არის საქართველოს უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამაზე იყო საუბარი. იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში. საუბარი იყო იმაზე რომ ეუთო/ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც იქნა ოფიციალურად გამოქვეყნებული და გაგზავნილი დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლებისადმი, არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული და უფრო მეტიც, მიღებულ იქნა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს“, – თქვა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.

სალომე სამადაშვილის თქმით, მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ აუღია ვალდებულებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე:

„სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, ეუთო/ოდირმა სასწრაფოდ დაიწყოს მისიის მომზადება საიმისოდ, რომ შეფასდეს, რომელი რეკომენდაცია შესრულდა და რომელი არა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ეუთოს გენერალურ მდივანს გაუზიარეს მათი მოსაზრება, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას შესაძლებლობას აძლევს, ეს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით გამოიყენონ.

„ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, რადგან ამაში დასამალი არაფერი არ არის. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველ ხალხის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები“, – თქვა ბოკუჩავამ.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო არა მხოლოდ არჩევნების შედეგებს, არამედ 50-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს, რეპრესიებს, რაც არ არის თანხვედრაში ეუთოს პრინციპებსა და საქართველოს ვალდებულებებთან.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი რეგიონულია და ამასთანავე ეხება უსაფრთხოების კონტექსტს:

„გიორგი გახარიას მხრიდან, პირველ რიგში, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო არჩევნების საკითხსაც“, – თქვა ბუჩუკურმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა შეხვედრაზე უარი თქვეს და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელეს.

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება. ოპოზიციასთან შეხვედრამდე ის შეხვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებს.