პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია შეეცდება, კომიტეტებში სამუშაო დონეზე ერთიანობას მიაღწიოს და უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც აუხსნას, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კომპრომისი აუცილებელია.
მეზვრიშვილის თქმით, გახარიას გუნდმა იმუშავა როგორც ოპოზიციასთან, ასევე უმრავლესობის სამუშაო ჯგუფების ფორმატშიც.
დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ დგამს 12 პუნქტის შესასრულებლად რეალურ ნაბიჯებს. მეზვრიშვილის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი 12 პუნქტის შესრულებისთვის თავის ასარიდებლად საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების მცდელობაა.
„ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ ცალკე აღებული ეს ნაკლოვანი წესი შედეგს ვერ მოიტანს, დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული სხვა ცვლილებების – სუს-ის და სასამართლოს დეპოლიტიზირების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და სხვა ცვლილებების გარეშე. სამწუხაროდ, „ოცნების“ ეს ცვლილება, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან, პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს იმაში, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, 12 პუნქტის რეალური შესრულებისთვის ბრძოლის გამო, ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა, დაიწყო რა პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ვაჭრობა მიუღებელია მსგავს საკითხებზე, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დეოლიგარქიზაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
კომიტეტებში მუშაობა გაგრძელდეს ერთიან ფორმატში;
ორივე მხარემ შეცვალოს სტრატეგია და პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი – ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება და ოპოზიციამ – პირადი ინტერესებით საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო კომიტეტებში 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. ამავდროულად, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ იმ ინიციატივებს, რაც რეალურ ცვლილებამდე და ევროპულ მომავლამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.