ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს 60% არ ეთანხმება – IRI-ის კვლევა

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე უჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციის ბოიკოტს, გამოკითხულთა 15% სრულიად ეთანხმება; ნაწილობრივ ეთანხმება 11%; ნაწილობრივ არ ეთანხმება 18%; სრულიად არ ეთანხმება 42%.

ოპოზიციის ბოიკოტს ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“/ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ეთანხმებიან (46% სრულიად ეთანხმება, 14% – ნაწილობრივ); ბოიკოტს სრულიად ეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების 27%; 11% – ნაწილობრივ; „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებიდან კი 9% ბოიკოტს სრულიად ეთანხმება, 18% კი ნაწილობრივ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერთა 74% კი სრულიად არ ეთანხმება ბოიკოტს.

ბოიკოტის მომხრეთა 44%-მა არ იცის/არ უპასუხა შეკითხვას, თუ „რატომ ემხრობიან ბოიკოტს?“. სხვა პასუხები ასე გადანაწილდა: 17% – დაკარგული ხმების დასაცავად; 14% – ხელისუფლების შესაცვლელად; არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით – 11%; საჭიროა ხელახალი არჩევნები – 7%; სამართლიანობის აღდგენისთვის – 7%;


კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის“ სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩაატარა „IPM-მა“.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილია ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2,5%, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.