„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ დაიგეგმა საპროტესტო აქციები 25 თებერვალს და 31 მარტს.
„მსვლელობა 25 თებერვალს, რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.
ამ დღეს შწვიკრიბებით იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი. ამას მოყვება რამდენიმე ასეთივე აქცია რეგიონებში და შემდეგ იქნება თბილისშივე ცენტრალური აქცია 31 მარტს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პირადად ის ნიკა მელიას დაკავებას არ დაანებებს სამართალდამცველებს და ის დარწმუნებულია, რომ ამასვე აპირებს კიდევ ბევრი ადამიანი.
„დღევანდელი განხილვის მთავარი თემა იყო ოპოზიციის გეგმები, მათ შორის, საპროტესტო აქციის დაგეგმვა და ა.შ. რაც შეეხება ნიკასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, მაგრამ გეტყვით რომ პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ასეა ბევრი ადამიანი, თუ შეეხებიან ნიკას და დაიჭერენ, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„გამორიცხული არის კალაძე, კობახიძე, მურუსიძე, გავრილოვი, ივანიშვილი, არ ვიცი, ვინც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, მათ მოახერხონ ჩემი დაჭერა. ელემენტარული მიზეზის გათვალისწინებით რომ ამის საფუძველი არ აქვთ. ეს არის ჩემი ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „გირჩის“ წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს.
იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უნდოდა, განეხილა სამი საკითხი: თანახმა იყო თუ არა ოპოზიცია სრულად პროპორციული არჩევნების საკითხზე; არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვება; მესამე – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ. ხვიჩიას თქმით, ვერც ერთ საკითხზე ცხადი პასუხი ვერ მიიღეს.