„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას ეხმაურება, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.
ბერძენიშვილის თქმით, პლებისციტის იდეა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრებისას განიხილებოდა და მას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია სწორედ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჰქონდა.
„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა – პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობით და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი – ევროპული საქართველო იყო.
პარტიები შევთანხმდით, რომ ჩვენი ერთობა ურთიერთკომპრომისებს მოითხოვდა და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის სახელით დაიდო ერთიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა პლებისციტი 2021 წელს“, – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.
ბერძენიშვილი წერს, რომ ამასთან ოპოზიციას პლებისციტის ჩატარება ყველაზე მეტად ადგილობრივ არჩევნებთან ერთად აწყობდა, რადგან მანამდე მისი ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეთა აქტივობა, სავარაუდოდ, დაბალი იქნებოდა, რაც ხელისუფლებას ჩააყენებდა მომგებიან პოზიციაში.
„ამასთანავე, ხელისუფლებას არ აწყობს არაპირდაპირ აღიაროს, რომ არჩევნების შედეგი საეჭვოა. არც მოითხოვდა მისგან დასავლეთი სასწრაფოდ ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამიტომ ხელისუფლება 2021-ში არც კი უშვებდა საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას.
2022 წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილებოდა მანდატიანი პარტიების ლელოს დახურულ ფორმატში. ანდრიუს კუბილიუსის საჯარო შემოთავაზებას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად გამოეხმაურა ლელო, რესპუბლიკური პარტია… სადისკუსიო საკითხი გახდა სხვადასხვა პარტიას და საზოგადოებაში. ასეთია საკითხის ისტორია.
ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს. მით უმეტეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ენმ-ს, რომელმაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია მისცა ამ საერთო ოპოზიციურ ინიციატივას“, – წერს ბერძენიშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თქმით, დიალოგის გაგრძელება და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მნიშვნელოვანია ნიკა მელიას და სხვა, მისი თქმით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე იმისთვის, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ზოგადად ვადამდელ არჩევნებს.
„რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს „პოტენციური ვადამდელისთვის“ პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდება ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს.
გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს პარტიის ოფიციალური ხელმძღვანელობა. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერთაშორისო ასპარეზზე საერთო ოპოზიციური მთავარი საჯარო ფიგურის – სალომე სამადაშვილის ძალისხმევაც.
მიშაც ცდება ხანდახან. სწორი იყო, ენმ-ს პოლიტსაბჭოზე მხარი რომ დაუჭირა. ახლა პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის დანახვა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.
დასავლეთი – ხელისუფლება – ოპოზიცია ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!“ , – წერს ბერძენიშვილი.
ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეამ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაიჟღერა. რასაც დღეს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება.
„ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.