ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვეს საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრის მიზანია, უფრო კოორდინირებულად განაგრძონ „ეროვნული წინააღმდეგობა, რაც ქვეყანაში ხდება“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი, ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ წამოწყებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მონაწილეობა. პირდაპირ გეტყვით, მის როლს ვხედავ, როგორც გამაერთიანებლის როლს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ჩვენთან ერთად მსჯელობს, რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები. ის ფიქრობს თავის გეგმებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ პრეზიდენტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში და მასთან სურდა საუბარი ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე.

„ყველა მიმართულებით, რაც არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანები, ეს არის არაღიარება და ამის გაგრძელება. ეს არის ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა და არც ხდება ახლა, არც ერთი პარტია არ აღიარებს ამ პარლამენტს, შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ რაც არ უნდა მოიგონონ და ვინც არ უნდა მოიგონონ თანამდებობებს და ასე შემდეგ. ზოგადად წინააღმდეგობის აუცილებლობა, რაც ჩვენი ამოცანაა“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.