ოპოზიციის წევრები ელისაშვილისა და იოსელიანის „ოცნებასთან“ შეხვედრას აფასებენ

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შეხვერდას პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.

„ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე.

ის ამბობს, რომ მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შედის.

„რატომ ჭიანურდება მანდატების შეჩერების პროცესი? „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული“, – აცხადებს კაპანაძე.

მისი პოზიციით, „ოცნებასთან“ არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ იქნება, ელჩების ჩართულობის გარეშე. კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მმართველი პარტია რამე კომპრომისზე წამოვა.

„ყველა ირჩევს საკუთარ გზას პოლიტიკაში, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ ინდივიდუალურად; რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა, ამას საზოგადოება განსჯის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, არც ენმ აპირებს ინდივიდუალურ შეხვედრას მმართველ პარტიასთან. უდუმაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის ერთადერთი ფორმატი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიის ინდივიდუალური შეხვედრა „ოცნებასთან“ არ წაადგება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას.

მისი შეფასებით, ელისაშვილისა და იოსელიანის პარლამენტში შესვლა ვერ გაზრდის საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის ხარისხს.

„თუ ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა, ეს მისი არჩევანია. მისი პარლამენტში შესვლა ვერ გაზრდის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს. ძირითადი ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს პასუხი იმ წინადადებებზე, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად არ გამორიცხავენ არც აქციებს და არც კონსტიტუციით დადგენილი პროტესტის ნებისმიერ ფორმას.


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართავენ შეხვედრას.

„მოქალაქეების“ წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთეს. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას მათი პარტია ინდივიდუალურად გააგრძელებს:

„გუშინვე ვთქვით, რომ ვაპირებთ, ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები – გავაგრძელოთ იმ 4 პუნქტზე, რომელიც არის მოლაპარაკების მაგიდაზე და მოვისმინოთ მათი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ჩიხში არის შესული მე-5 რაუნდი და ამიტომ, ჩვენ ჩვენთვითონვე ვაპირებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას და გარკვევას, თუ რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მათი მიზანია, გაარკვიონ, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას” მზაობა, რომ მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად სერიოზული მზაობა აქვს „ქართულ ოცნებას”, რომ იმ მოლაპარაკების პუნქტები დათმოს. იცით, რომ არის 4 საკითხი, ჩვენთვის ყველზე პრინციპულია პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლების ცვლილება და ცესკო-ს ფუნდამენტური ცვლილება…

ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ჩვენი გეზი გვაქვს. ჩვენ თუ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვუშვით, თუ საარჩევნო ცვლილებების პაკეტი ხელში გვეჭირა, არ უნდა შევიდეთ?! დანარჩენებიც არ უნდა შევიდნენ? ამიტომ ამ საბავშვო ბაღს უნდა მორჩეს ოპოზიცია და სერიოზულად მოეკიდოს საკითხებს”, – აცხადებს ელისაშვილი.