საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კენჭისყრა თებერვლამდე არ ჩატარდება. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ოპოზიციის მოთხოვნა მანამდეც დაეკმაყოფილებინა, მაგრამ კენჭისყრა უცხოელი პარტნიორების თხოვნით გადადეს.
„ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არ გაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას 60 მანდატი ერგო. თუმცა, ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ „ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს. ამ მიზეზით, ოპოზიციონერთა უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და შესაბამისი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.