ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას რუსეთის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული მედიის ინფორმაციით, კარა-მურზას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით წაუყენეს: რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების, „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა (იგულისხმება „თავისუფალი რუსეთის ფონდი“) და ღალატის მუხლებით.

პროკურატურამ ვლადიმერ კარა-მურზასთვის სასჯელის სახით 25-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასჯელი ნაწილობრივ შეუკრიბეს. მას სასამართლომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ნაწილში 7-წლიანი პატიმრობა, „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ნაწილში 3-წლიანი პატიმრობა, სახელმწიფო ღალატის მუხლით კი 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვლადიმერ კარა-მურზა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ისჯება, რის გამოც სინანულს არ გრძნობს.

„მე ციხეში ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ვარ. პატიმრობაში ვარ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაპროტესტებისა და წლების განმავლობაში პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლისთვის; მაგნიტსკის აქტის სიაში მყოფი ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესებაზე მუშაობისთვის. ამ ყველაფერს კი არათუ ვნანობ, ამაყი ვარ კიდეც. ამაყი ვარ იმიტომაც, რომ პოლიტიკაში მომიყვანა ბორის ნემცოვმა და ვიმედოვნებ, მას ჩემი არ რცხვენია. მე ხელს ვაწერ თითოეულ სიტყვას, რაც აქამდე მითქვამს და რის გამოც მიყენებენ ბრალს.

მე მხოლოდ ერთი რამის მრცხვენია: წლების განმავლობაში, რაც პოლიტიკური აქტიურობა დავიწყე, ვერ შევძელი, რომ იმ საფრთხის შესახებ, რასაც კრემლის დღევანდელი რეჟიმი უქადდა მსოფლიოს,  დამერწმუნებინა საკმარისი რაოდენობის ჩვენი თანამოქალაქე და დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკოსები. დღეს ეს საფრთხე ყველასთვის ნათელია, მაგრამ საშინელ ფასად – ომის ფასად“, – განაცხადა ვლადიმერ კარა-მურზამ სასამართლოში თავისი ბოლო სიტყვით გამოსვლისას.

რუსული მედიის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატები აცხადებენ, რომ კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში საგრძნობლად გაუარესდა და ის ამ მიზეზით პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ. პოლიტიკოსმა წონაში უკვე 22 კილოგრამი დაიკლო, ასევე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, წარსულში მისი მოწამვლის შედეგია.