პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია პარლამენტის ეთიკის საბჭოს უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძესთან დაკავშირებით მიმართავენ.
„გაცნობებთ, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო და პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, როდესაც განიხილებოდა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენლი და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამჭვირვალობის შესახებ“ საკმაოდ დაძაბული და მძიმე ვითარების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე ამ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, პირად სოციალურ ქსელში გამოირჩეოდა უხამსი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებებით, რაც საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის წორმების უხეში დარღვევაა.
აღნიშნული საჯარო პოსტები შეიცავს საქართველოს პარლამეწტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული წორმების დარღვევის წიშნებს. კერძოდ, ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, ბ.ა) ნაწილის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად“ ხოლო. ამავე ეთიკის კოდექსის, მე-3 მუხლის ო) ქვეპუნქტის მიხედვით: „საქართველოს პარლამეწტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;”
აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ დიმიტრი სამხარაძე არის საჯარო ფიგურა და მას, როგორც პარლამენტის წევრს აკისრია ვალდებულება – არ წაახალისოს საზოგადოებაში სიძულვილის ეწა. მისი, როგორც საჯარო პირის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის ადრესატი ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, პარლამენტის წევრი უნდა მოქმედებდეს ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები სცდება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსით პარლამენტის წევრისთვის დადგენილ სტანდარტებს, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული საჩივარი და მიიღოთ შესაზამისი ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.
უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში გინებით, უხამსი გამოსვლებით და მოქალაქეების მიმართ მუქარით გამოირჩევა.
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილმა 21 მარტს გამოაქვეყნა Facebook-ის სქრინი, სადაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მას ემუქრება. ნუგზარ სულაშვილი ამბობს, რომ მიმართავს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებია. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები გაყალბებულია.
ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც მას შეკითხვებს დეპუტატის არაეთიკურ ქცევაზე უსვამდნენ.