„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და ოპოზიციონერი პარლამენტარი არმაზ ახვლედიანი „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში აინიციირებენ.
დეპუტატების განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა (რომლის უსაფრთხოების მანძილი 1 მეტრია, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში). სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით; პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ასევე, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.
„ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში“, – აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.
მათივე თქმით, დღეს არსებული რეგულაციების აღსრულებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება.