„ვინაიდან ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მიზანმიმართულად ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო – რეგიონები” – სრული შემადგენლობით ვაცხადებთ პოლიტიკურ ბოიკოტს და უარს ვამბობთ საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობაზე”, – პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მომზადებულ მიმართვას ხელს ფრაქციის თავმჯდომარეები გიორგი წერეთელი, ოთარ კახიძე და გიორგი ღვინიაშვილი აწერენ.
პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი.
„შექმნილი მწვავე პოლიტიკური ვითარების გამო ვაცხადებ
ბოიკოტს და უარს ვამბობს პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და
გადაწყვეტაში მონაწილეობაზე”, – წერს ბესელია.
რაც შეეხება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობას”, რომან გორიციძის მიმართვის მიხედვით, არც ისინი მიიღებენ მონაწილეობას 2019 წლის 26 ნოემბრის სასესიო კვირის სხდომებში.
პლენარულ სხდომაზე დასწრებაზე ბოიკოტი გამოაცხადეს ასევე ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემაც.
ამასთან, „ევროპული საქართველოს” წევრები კომიტეტებსაც ტოვებენ. დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით არსებობენ თანამდებობის პირები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ არ იყვნენ კომიტეტებში. დანარჩენმა დეპუტატებმა დატოვეს თითო კომიტეტი და ისინი მხოლოდ 1 კომიტეტში რჩებიან.
„პარლამენტის წევრი ვალდებულია ერთ კომიტეტში მაინც იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ ის უფლებამოსილებას არ ასრულებს. ჩვენ ვართ 19. ყველა ვიყავით 2-2 კომიტეტში და ჯამში 36 ადგილი გვქონდა 15 კომიტეტში. რეგლამენტის მიხედვით არიან თანამდებობის პირები, ვისაც შეუძლიათ, რომ არ იყვნენ კომიტეტებში. ესენი არიან ვიცე-სპიკერები და ფრაქციების თავმჯდომარეები. შესაბამისად სერგი კაპანაძეს, გიორგი ღვინიაშვილს, ოთარ კახიძეს და გიგი წერეთელს აქვთ უფლება, რომ არ იყვნენ არცერთ კომიტეტში. სერგი, გიორგი და ოთარი გამოვიდნენ. დანარჩენებმა ყველამ დატოვა თითო-თითო კომიტეტი. ახლა უკვე 37-ის ნაცვლად გვექნება 17 ადგილი სხვადასხვა კომიტეტში”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.