პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატი და აწ უკვე „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2021 წლის ზამთრის პლენარულ სხდომაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებს.
პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინჯია საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის ერთადერთი დეპუტატია ოპოზიციიდან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც სეისიაზე იქნება წარმოდგენილი, ეს გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშისაქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2021 წლის ზამთრის პლენარული სხდომაში მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი. პარლამენტის ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.
„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. სიის პირველმა სამმა ნომერმა – ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. მალევე გაირკვა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შევიდოდა 4 დეპუტატი – ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლის შემდეგ, ამ ოთხმა დეპუტატმა ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.