ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანეს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას მოითხოვს. მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „რუსული კანონი“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად. 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს.

მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის“ გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78-ე მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, – განაცხადა ოპოზიციონერმა თამარ კორძაიამ.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 2 სარჩელი შევიდა –  საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

მეოთხე სარჩელს ამზადებს „მთის ამბების” დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს.